დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელ დიპლომატიურ ძალისხმევასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„ამერიკის პრეზიდენტთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. დეესკალაციასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი დიპლომატიური ძალისხმევა განვიხილეთ და ერთობლივ სამომავლო ქმედებებზე შევთანხმდით. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამხედრო დახმარებისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის Twitter გვერდზე განთავსებულ პოსტში.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური წერილობითი პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".