აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეორიულად, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება, რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს.
„როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ყველაზე მარტივი კონფლიქტია, ვფიქრობ, პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაზე არალოგიკური ომია. თუ ამას ლოგიკურად შეხედავთ, დაასკვნით, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რადგან ტრადიციული გაგებით მასში არავინ იმარჯვებს. კვირაში 7000 რუსი ჯარისკაცი იღუპება, უკრაინის მხარეს ნგრევაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ახლა რისთვისაც იბრძვიან 30-50 კილომეტრი და დონეცკის რეგიონის 20%-ია. ჩვენ ვცადეთ და გარკვეულ პროგრესსაც მივაღწიეთ, იმის გასარკვევად, თუ რა არის ის, რასაც უკრაინელები დაეთანხმებიან და მათ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, რომ თავს არასდროს დაესხმებიან.
ვცადეთ, დაგვედგინა, რა არის ის, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკა აღადგინონ და ქვეყანა წარმატებული გახდეს. თეორიულად, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს,“ - განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარიონეტული სახელმწიფო არ გახდეს და ნამდვილად სუვერენული იყოს.
„მსგავს საკითხებს განვიხილავთ: ომის დასრულება, იმის უზრუნველყოფა, რომ მათ თავს არასდროს დაესხმებიან, უკრაინის ხანგრძლივი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა, რომ ის მარიონეტული სახელმწიფო არ გახდეს, ეკონომიკის არა მხოლოდ აღდგენა, არამედ აყვავება. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.