უკრაინის ელჩი: მოვუწოდებთ პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ესკალაციამდე და არა შემდგომ

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ რუსეთისათვის სანქციების დაწესება შესაძლებელია დაგვიანებული აღმოჩნდეს ვითარების ესკალაციის შემდგომ. კითხვაზე, რატომ თვლის უკრაინა, რომ დასავლეთი სანქციებს აგვიანებს, ელჩმა მაგალითად მოიყვანა ვითარება, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდგომ შეიქმნა:

„რა იყო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი? ეს იყო სარკოზის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დემილიტარიზაციას. საქართველო მას 100%-ით ასრულებს. რას იტყოდით საოკუპაციო აზღვრის მეორე მხარეზე - აფხაზეთსა და ცხინვალზე? ხედავთ დემილიტარიზაციის რაიმე ნიშანს? არა. ისინი აგრძელებენ ბორდერიზაციას და სამხედრო მშენებლობას.

ახლა შევხედოთ ვითარებას უკრაინაში 2014 წელს - ყირიმი ოკუპირებულია, დონეცკი და ლუგანსკი ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ჯარისა და კრემლის მხარდამჭერი ძალების მიერ. ამ ქმედებებს მოჰყვა სანქციები რუსეთის მიმართ, გაიყვანეს ძალები? არა. შეგვიძლია ეს ზომები ეფექტიანად ჩავთვალოთ? მე ვერ ვხედავ შედეგს. შეიძლება ეს ზეგავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, პრობლემებს უქმნის რუსეთს, მაგრამ უკრაინელებისთვის რუსები ისევ იქ რჩებიან, ზრდიან სამხედრო ინფრასტრუქტურას ყირიმში, აგრძელებენ ფულის, საბრძოლო მასალების, საწვავის მიწოდებას მხარდამჭერი ძალებისთვის. ეს ნიშნავს, რაც უნდა მოხდეს, ისინი წინ წაიწევენ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ან შეუძლებელია, რომ სანქციების შედეგად მათ უკან დაიხიეს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.

რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ მან გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, რუსეთმა ბრძოლა შეწყვიტოს, მაგრამ რაც უკვე ოკუპირებული ან მიტაცებული აქვს, მას აღარასოდეს დააბრუნებს. ელჩი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ უკრაინა კვლავ მოუწოდებს პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ვითარების ესკალაციამდე და არა შემდეგ. არგუმენტის გასამყარებლად ელჩმა გადაცემაში მაგალითად მოიყვანა ასევე NATO-ს სტრატეგია რუსეთის მიმართ:

„2014 წელს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნატოს დასჭირდა რამდენიმე წელიწადი ახალი დოქტრინის, ხედვისა და რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის მისაღებად და ეს არის შეკავება, რომელიც ახლაც მუშაობს და უკრაინა არის რუსეთის შეკავების ნაწილი, რადგან ჩვენ ვაკავებთ უზარმაზარ ძალას ჩვენს საზღვარზე. თუმცა, არც ეს არის საკმარისი. შეკავება მუშაობს გარკვეულ დონეზე. რატომ? იმიტომ, რომ, რასაც ახლა ვხედავთ - ულტიმატუმებს რუსეთისგან და მათ მოთხოვნას, რომ ნატოს 1997 წლის გაფართოებამდელი პერიოდის მდგომარეობასთან დაბრუნებაზე. ეს ნიშნავს, რომ შეკავება არასაკმარისად ეფექტიანია, რადგან ისინი ბედავენ NATO-სთან ამგვარ ურთიერთობას - ცდილობენ რაღაცების მოთხოვნას, რასაც საერთოდ არ გააჩნია საფუძველი", - განაცხადა უკრაინის ელჩმა.