ორხევის დასახლებაში 28 იანვარს, მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. აცხადებენ, რომ მერიას ფართის დაკანონების მიზნით ადრე მიმართეს, თუმცა პროცედურა დროში გაიწელა და საბოლოო ჯამში, ფართი არ დაუკანონდათ.
მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, იმ სახლების დემონტაჟი მოახდინეს, სადაც არავინ ცხოვრობდა. ამასთან, განმარტა, რომ ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალაც აქვთ.
ადგილზე იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია.ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერიც.
კახა კალაძემ მედიას განუცხადა, რომ სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს.
„სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით, გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. დადგინდა, რომ ამ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.