ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ქუთაისში რეგიონულ სასამართლოს ეწვია. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ცნობით, ქუთაისის რეგიონულ სასამართლოში ელჩმა დეგნანმა, მოსამართლეებმა და სხვა თანამშრომლებმა რეგიონული შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილეს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე.
„ჩვენი ახალი კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ვთანამშრომლობთ საქართველოს რეგიონალურ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურიდიულ პროფესიონალებთან, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებას. ეს პარტნიორობა გულისხმობს ამ ადამიანებთან მუშაობას, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება სასამართლოების გამჭირვალობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება. ელჩი კელი დეგნანი ეწვია ქუთაისის რეგიონალურ სასამართლოს, სადაც შეხვდა მოსამართლეებს. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმები და მოსამართლეების მხარდაჭერის გზები“, - თავის მხრივ აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა დაიწყო.
USAID-ის პროგრამის თანახმად, ეს არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომლიც უკვე არსებული სასამართლო რეფორმების კონსოლიდაციით ხელს შეუწყობს ქვეყანას, კიდევ უფრო გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემა. პროგრამა, რომელიც 2026 წლის ჩათვლით გაგრძელდება და განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ხელს შეუწყობს საქართველოს სასამართლოებსა და საზოგადოების თემებს შორის ურთიერთობის განმტკიცებას, გააფართოებს პარტნიორობას რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და იურისტებთან; ხელს შეუწყობს სწავლების პროცესს და ამერიკელი იურისტების გამოცდილების გაზიარებას.
ამავე თემაზე