კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს დიდ ბრიტანეთს, დააწესოს სანქციები რუსეთის ბანკების, ენერგეტიკული კომპანიების და „კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების“ წინააღმდეგ, პარლამენტს მომავალ კვირაში წარედგინება.
„ჩვენ ვაპირებთ, შემოვიტანოთ ახალი კანონმდებლობა, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. უკრაინაში შეჭრას სერიოზული ზომები მოჰყვება“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, სავარაუდოდ, ამ კვირის დასაწყისში ეწვევიან კიევს.
The Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის მიერ გათვალისწინებული სანქციების რეჟიმი მხოლოდ უკრაინის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებულ პირებს მოიცავდა, ახალი კანონმდებლობა კი საშუალებას მისცემს დიდი ბრიტანეთს, რომ სამიზნე ჯგუფი გააფართოოს. უფრო კონკრეტულად კი, ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრემლისა და რუსეთისთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს, შესაძლოა, სანქციების ობიექტი გახდეს.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
ასევე წაიკითხეთ:
დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს