იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა გააცნო.
„როგორც გახსოვთ, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 2022 წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, ასევე იმპორტიორი თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო, ჩვენ დაჩქარებული წესით შეგვაქვს ცვლილება და იმპორტიორებს ვთხოვთ GMP სერტიფიკატს.
ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, საქართველოში მიმდინარე წელს შევქმნით წამლის ლაბორატორიას და ამისთვის გარკვეული თანხა, 6 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია და დაწყებული გვაქვს პროცესი ამ ლაბორატორიის უმოკლეს ვადაში მოსაწყობად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.