ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი და ნატალია ლუაზო სოლიდარობისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ. მაკალისტერის შეფასებით, რუსეთის სამხედრო განლაგება მთელი ევროპისთვის უზარმაზარი შეშფოთების საგანია, უკრაინის უსაფრთხოება კი ევროპისთვის მნშვნელოვანი.
„ჩვენ ჩამოვედით აქ იმისთვის, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინისა და მისი მოქალაქეების მიმართ; გავეცნოთ ინფორმაციას და გავიგოთ, რა ხდება უკრაინაში. ვესაუბრებით პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სამხედროებს. ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის სამხედრო განლაგება მთელი ევროპისთვის უზარმაზარი შეშფოთების საგანია, უკრაინის უსაფრთხოება - ევროპისთვის მნშვნელოვანი.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ ვიყენებთ სამხედრო ძალებს ერთმანეთის წინააღმდეგ. ასევე არ ვუქმნით ერთმანეთს საფრთხეს. ევროპარლამენტი თავის მოწოდებაში მკაფიოა, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს ვითარების დეესკალაცია. ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას დიპლომატიის გზით“, - აცხადებს ევროპარლამენტის წევრი დევიდ მაკალისტერი.
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.
უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს".