ევროკავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა, რომელმაც მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„მე გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ წლამდე დაიწყო, რაც ჩვენ ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, რომელიც არ იყო საკმარისად ინკლუზიური და მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული“. „გარდა იმისა, რომ შეკითხვები გვქონდა პროცესის არსზე, მე ასევე განვაცხადე, რომ ევროკავშირი არის დაინტერესებული მხარე ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ.
ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს. იმედი გვაქვს, რომ ის შეშფოთება, რაც გამოითქვა გათვალისწინებული და ასახული იქნება, როდესაც პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან.
ასევე წაიკითხეთ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა.