პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა 74 ხმით „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ" რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დეპუტატებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა გააცნო.
რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.
გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის უმრავლესობა, საბაბის და არა მიზეზის მოხმობით ცდილობს, თავი არიდოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეზოლუციების მხარდაჭერას.
მისივე თქმით, ამგვარი იყო საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ამგვარი იყო ამ მოწვევის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის თაობაზე მიღებული რეზოლუცია, რომელშიც მოხსენიებული იყო რუსეთი, როგორც საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც მათთვის დაუჭერია მხარი.
„ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, თითქმის ერთხმად წინააღმდეგია ამ რეზოლუციის მიღების. ეს გულდასაწყვეტია, რადგან, სასურველი იქნებოდა რომ რეზოლუცია მიგვეღო ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერით. თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოპოზიციის თვითმიზანი არის არა რეალური საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, არამედ, მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია. მინდა მოვუწოდო, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არა, სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ფრაქციებს, გაითვალისწინონ ისტორიული რაკურსი, ექსკურსი და ხმა მისცენ ამ რეზოლუციას, რადგან წლების შემდეგ, მათი ხელმოწერები ამ რეზოლუციაზე არ აღმოჩნდება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა პროექტის ინიციატორებისგან მოითხოვდნენ რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ ყოფილიყო დაკონკრეტებული რუსეთის ფედერაცია, მათი თქმით, დოკუმენტი მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებდა მხარდაჭერას და არ დარჩებოდა მხოლოდ მმართველი გუნდის ერთპარტიულ დოკუმენტად.
„რეფორმების ჯგუფიდან“ თეონა აქუბარდიას თქმით, მისი მხარდაჭერა ამ რეზოლუციას ვერ ექნება. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა ვერ ექნება, რამდენადაც ის არის შინაარსისგან დაცლილი და რამდენადაც არ უნდა ამტკიცოთ, რომ ის გათვლილია ყველანაირ სცენარზე და დროს გაუძლებს, ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ თქვენ არ დაარქვით სახელი მტერს, მოერიდეთ მისი სახელის ხსენებას, თქვენ ანაცვალეთ პარლამენტში ერთიანობას თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და თქვენი შიშები და სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აჩვენეთ ყველას, რომ ზეპარტიულ საკითხებზე ამ პარლამენტში შეთანხმება არის შეუძლებელი“.
ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, „დაპირისპირება, რომელშიც ჩვენ დიდი ხანია შევედით, არის თავისუფალ სამყაროს და რუსეთს შორის“.
„არანაირი შუალედური პოზიციები აქ არ არსებობს. შენ ან გინდა იყო თავისუფალი სამყაროს წევრი და მზად ხარ ამისთვის იბრძოლო ბოლომდე. ან არ გინდა თავისუფლება და უნდა დაელოდო და ნახო. იმარჯვებს ბოროტება? მაშინ აღარც დაგჭირდებათ თავის და ხალხის მოტყუება, რომ თავისუფლების მხარეს დგახართ. იმიტომ, რომ არ დგახართ ამ მხარეს. თავისუფლების მხარეს რომ იდგეთ, როგორ გაბედავდით, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ახრჩობს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე მოძმე ხალხს, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან, საქართველოს პარლამენტში წარგედგინათ რეზოლუცია, სადაც მოძალადეზე არაფერია ნათქვამი“.
თავის მხრივ, ბადრი ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარლამენტს, ეყოს გამბედაობა და აგრესორს უწოდოს აგრესორი.
„იმიტომ, რომ ეს არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ არის თვალის დახუჭვა იმაზე, რაც ხდება ჩვენი უახლოესი მეგობრის საზღვრებთან და თვალის დახუჭვა იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას. არგაღიზიანების პოლიტიკა დავარქვათ ამას, უხერხემლო პოლიტიკა თუ სხვა, კვლავ ვხედავთ მცდელობას, რომ რუსეთის ფედერაცია თითქოს გაყვანილი იყოს ამ პრობლემებიდან და ტექსტში დარჩეს ზოგადი საუბარი ვითარების ესკალაციაზე, დაძაბულობაზე. თუ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის წყარო არის რუსეთის ფედერაცია, ამით ვიმეორებთ იგივე გზავნილს, რასაც ამბობს რუსეთის ოფიციალურ პროპაგანდა.“
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე განაცხადა, რომ, „დღეს, აქ, პარლამენტის დარბაზში სრული ლუსტრაცია მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან.
„ყველაფერი იყო ძალიან მიზანმიმართული და ამ მიზანმიმართულებას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი-ეს არის რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მაამებლური და კეკლუცი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მხრიდან. თქვენ ვერ ბედავთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი, ჩაწერილი იყოს რეზოლუციაში, როდესაც მთელი ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მოდით, ერთობლივი რეზოლუცია მივიღოთ, ერთად წავიდეთ უკრაინაში, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ ის საფრთხეები, რომელიც იყო აუცილებელი“.