საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი პოლიტიკურ პარტიებთან გამართავს შეხვედრებს.
„რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ოპოზიცია სვენ მიქსერთან ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პრობლემებზე, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებს.
„სვენ მიქსერთან ვისაუბრებთ „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე მუდმივ თავდასხმებზე, ჩვენ გვაქვს ამის ძალიან მძიმე მაგალითი, როცა ყველანაირი დისკუსიის გარეშე გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი.
რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ ასევე საგარეო საკითხებზე და ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, თანამშრომლობის იგნორირებაზე, რაზეც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ აღებული პასუხისმგებლობა შარლ მიშელის დოკუმენტით, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ჰორიზონტზე არ ჩანს „ქართული ოცნების“ დამსახურებით", - განაცხადა ახათუნა სამნიძემ.
სვენ მიქსერმა პირველ თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის. 3 თებერვალს ის ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.