საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
„კმაყოფილებით აღინიშნა, ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გამართული დისკუსია სტრატეგიულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა წლის განმავლობაში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავის აღნიშვნას და ერთობლივ საიუბილეო ღონისძიებებს.
ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, გერმანიის ჩართულობაზე უკრაინის კრიზისის დეესკალაციის პროცესში, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა საქართველოს თემატიკის მაღალ დონეზე განხილვის მნიშვნელობა გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის დღის წესრიგსა და დისკუსიებში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია და NATO-ში გაწევრიანება.
ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს ინიციატივას, როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს“.