პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას აფასებს და არასერიოზულ ნაბიჯს უწოდებს.
მისი თქმით, „გირჩის“ პოზიციები არ შეცვლილა, ჯაფარიძის წასვლის შემდეგაც იგივე პოზიციაა პარტიაში.
„ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის ახალ პარტიას გააკეთებს და მალე ექნება ყრილობა. ამ წუთას „გირჩის„ სტრატეგია არის ის, რომ ჩვენ არ ავყვეთ არც ერთ იმ სპექტაკლს, რომელსაც ჩვენ ვნახავთ. ზურაბ ჯაფარიძე წავიდა „გირჩიდან“, მე მასზე ვერ ვიტყვი, რომ ის „გირჩი" არ არის, ამაზე მან თვითონ თქვა უარი. მე მგონია, რომ ზურაბ ჯაფარიძემ პარტიიდან წასვლით შეცდომა დაუშვა, ახლაც შეცდომას უშვებს იმით, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. შეიძლება, არც ჩვენ შევიდეთ პარლამენტში, თუ შევალთ ოპოზიციასთან ერთად მოხდება ეს, ცალკე გიჟები კი არ ვართ ეს გავაკეთოთ. ახლა კი, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას წერს სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე, ამით ხაზს უსვამს იმას, რომ თითქოს ვინმეს, მისი პარტიიდან პარლამენტში შესვლა უნდოდა და თვითონ ამით უფრო მაგარი ოპოზიციონერი გამოჩნდა, რაც არასერიოზულია“, - განაცხადა „დღის კურიერის“ ეთერში იაგო ხვიჩიამ.
„გირჩის“ თავმჯდომარის განცხადებით, მათ პარტიას ნამდვილი ბოიკოტი უნდა და არა ეს „პლასტმასის ბოიკოტი“.
„ჩემზე მკაცრი ბოიკოტის მომხრე მე იქ არ მინახავს, ოღონდ თუ მართლა ბოიკოტს ვაპირებთ, გეგმა დამანახონ, ყველაფერზე თანახმა ვარ, თუ გეგმას ვნახულობ. მაგრამ თუ გეგმას არ ვნახულობ და არათანმიმდევრულობას ვხედავ, მაშინ ვაკრიტიკებ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, გირჩის ლიდერმა და საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის პარლამენტს დღეს მიმართა.