თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის მოგვარების საქმეში წვლილი ვერ შეიტანეს, ხოლო ევროპაში არ არიან ლიდერები, რომლებსაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის დასრულებაში.
„სამწუხაროდ, დასავლეთს აქამდე არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მხოლოდ აუარესებენ სიტუაციას. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საკითხთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას იმიტომ, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე დავინახე, რომ ჩვენ უკვე გვქონდა შეთანხმება ამ საკითხებზე. ამ დროისთვის ევროპაში სერიოზული პრობლემაა ამ საკითხის მოგვარების კუთხით. როდესაც შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას ვაკვირდებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ ვერ შეძლო ამ პროცესისადმი დადებითი მიდგომის გამოვლენა. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე ჯერჯერობით შედეგისკენ პროგრესი არ დაფიქსირებულა. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.