ზურაბ ჯაფარიძე: 26 დეკემბერს ახალი "გირჩი" დაფუძნდება

„26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი „გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი" დაფუძნდება", - განაცხადა პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულის" ეთერში.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ახალ პარტიას იგივეს სახელი და ლოგო ექნება და შესაბამისად, ქვეყანაში ორი გირჩი იქნება.

„26 დეკემბერს, 15:00 საათზე იქნება ახალი „გირჩის" ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი" დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და რა ვიცი, ორი გირჩი იქნება ქვეყანაში. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი, იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს, რაზეც ცხოვრების ბოლო წლები დავხარჯე. ვაპირებ იგივე გავაგრძელო", - განაცხადა ჯაფარიძემ. .

ჯაფარიძის თქმით, „გირჩში" ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით „გირჩის" მეშვეობით დაინტერესდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "გირჩი" გაიყო. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა.