Pegasus Airlines-ი და Fly One Armenia სტამბოლსა და ერევანს შორის კვირაში სამ რეისს შეასრულებენ. თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების ფონზე, სტამბოლსა და ერევანს შორის ორმხრივი ჩარტერული ფრენები 2 თებერვალს განახლდა. პირველ მგზავრებს ყვავილებითა და შოკოლადებით დახვდნენ. ზვარტნოზის აეროპორტმა პირველი რეისი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან ორ თებერვალს, 02:20 საათზე მიიღო. რეისი Pegasus Airlines-მა შეასრულა.
2020 წლის თებერვალში თურქეთის ავიაკომპანია Atlasjet-ის გაკოტრების შემდეგ, თურქეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი ფრენები არ განხორციელებულა.
ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი
ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევს სომეხთა გენოციდის, სომხეთის მიერ ყარსის ხელშეკრულების არცნობის და თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერის საკითხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობისას, თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს „ციურიხის ოქმებს“ 2009 წელს, მაგრამ ვერ მოახდინეს შეთანხმების რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში. ორმხრივმა ურთიერთობებმა ნორმალიზაციის თვალსაზრისით ცოტა ხნის წინ, ახალი განზომილება შეიძინა. თურქეთისა და სომხეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სერდარ კილიჩმა და რუბენ რუბინიანმა 14 იანვარს გამართეს პირველი შეხვედრა მოსკოვში, სადაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ გააგრძელებდნენ მოლაპარაკებებს წინაპირობების გარეშე, რაც მიზნად ისახავს ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში კიდევ ერთი დადებითი კონტურია, რომ სომხეთი თურქულ იმპორტზე ემბარგოს აუქმებს.
ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი სავარაუდოდ, მარტში, თურქეთის ყოველწლიურ ანტალიის დიპლომატიის ფორუმს დაესწრება, თუმცა სომხეთს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.