ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ხვდება, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მასპინძლობს.  BBC სტატიაში წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე მსოფლიო ლიდერები მოლაპარაკებებს აძლიერებენ.

რუსეთი და საფრანგეთი იზიარებენ შეშფოთებას ევროპაში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის წინ. პუტინმა მადლობა გადაუხადა მაკრონს მისი „აქტიური“ დამოკიდებულებისთვის და შეაქო საფრანგეთის ლიდერის ძალისხმევა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრაში. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მიზნად ისახავს ომის თავიდან აცილებას და ნდობის გამყარებას.

მაკრონის „გონივრული ოპტიმიზმი“

საფრანგეთის პრეზიდენტი ვიზიტის წინ აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის თავიდან ასარიდებლად შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მან „ახალი ბალანსის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც დაიცავს ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ ასევე გააჩენს რუსეთის მიმართ პატივისცემის შესაძლებლობას. ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიზანი იყო „არა უკრაინა, არამედ წესების გარკვევა NATO-სა და ევროკავშირთან“.

მაკრონი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მისი დიალოგი სამხედრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად იქნება საკმარისი. ის თვლის, რომ პუტინი ღია იქნება უფრო ფართო საკითხების განსახილველად.

„მე საკმაოდ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ არ მჯერა სპონტანური სასწაულების“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს მოსკოვში ჩასვლის შემდეგ.

საფრანგეთი ამჟამად ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეა. სამშაბათს, მაკრონი უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.

ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე