პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილა. ამის შესახებ მან სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე ახსენა თბილისში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა.
ასევე წაიკითხეთ: რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა
„რაც შეეხება მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ NATO-უკრაინა და NATO-საქართველო ფორმატში შეხვედრები უნდა გავმართოთ, რომ ამ ქვეყნების მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ NATO-ს ლოიალური მოკავშირეები და ჩვენც უნდა დავაფიქსიროთ, რომ მარტო არ ვტოვებთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
3 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით.