ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეაჩერებს Nord Stream 2-ს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. „თუ რუსეთი შემოიჭრება - რაც ნიშნავს იმას, რომ ტანკები ან ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს, მაშინ აღარ იქნება Nord Stream 2“, - განაცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „გპირდებით, ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ არ დააკონკრეტა, როგორ შეუძლია ასეთი დაპირების გაცემა, როდესაც გერმანია აკონტროლებს მილსადენს.

თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა უკრაინაზე ახალი თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სწრაფად დაწესდეს.

როდესაც ჰკითხეს Nord Stream 2-ზე, მან თქვა, რომ ზოგიერთი დეტალი ბაიდენთან დისკუსიიდან არ შეიძლება, საჯარო გახდეს.

საერთაშორისო მედია წერს, რომ ბაიდენმა შეამცირა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ბერლინი სრულად არ არის ჩართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მცდელობებში უკრაინასთან დაკავშირებით, რუსული სამხედრო ზეწოლის წინააღმდეგ. „ერთად ვმოქმედებთ, ჩვენ აბსოლუტურად ერთიანი ვართ და არ გადავდგამთ განსხვავებულ ნაბიჯებს, ჩვენ იგივე ნაბიჯებს გადავდგამთ და ეს ძალიან, ძალიან მძიმე იქნება რუსეთისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

თავის მხრივ ბაიდენმა აღნიშნა, რომ გერმანიას სრულად ენდობა.