ევროკომისიამ პოლონეთის მთავრობას აცნობა, რომ ქვეყანას დაფინანსებას დაუკავებს, რათა პოლონეთის მიერ გადაუხდელი ჯარიმები დაიფაროს.
ეს არის პირველი შემთხვევა ევროკავშირის ისტორიაში, როდესაც ევროკომისია შეაჩერებს ევროკავშირის საბიუჯეტო ტრანსფერებს წევრი სახელმწიფოსთვის, რადგან მან უარი თქვა ბლოკის უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის გადახდაზე.
„კომისიამ აცნობა პოლონეთს, რომ გააგრძელებს ჯარიმების კომპენსირებას“, - განაცხადა ბალაზ უჯვარმა, ევროკომისიის სპიკერმა ბიუჯეტის საკითხებში.
ევროპულმა სასამართლომ სექტემბერში პოლონეთს 500,000 ევროს (570,800 აშშ დოლარი) დღიური ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვართან ტუროვის მაღაროს დახურვაზე უარი თქვა. პრაღის მიერ შეტანილ საჩივარში პოლონეთთან საზღვრის მიმდებარე რაიონებში ცხოვრების დონის დაქვეითების თაობაზე იყო საუბარი. ასევე მითითებული იყო მიწისქვეშა წყლის დონის მკვეთრ კლებასა და მოსახლეობის უკმაყოფილებაზე, რომელსაც მტვერი და ხმაური იწვევდა. ევროკავშირმა ჩეხეთის სარჩელი დააკმაყოფილა და პოლონეთს „ტურნოვის“ საქმიანობის შეწყვეტა დააკისრა.
პოლონეთი მაღაროდან ნახშირის მოპოვებას ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აგრძელებდა და ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა. პოლონეთი ამტკიცებდა, რომ მაღაროს დახურვა საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის ენერგომომარაგებას, ჯარიმა კი, არაპროპორციულია. ჯარიმის თანხა ჯამში 15 მილიონი ევროა (17 მილიონი დოლარი). პოლონეთის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს საბიუჯეტო შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, ჩეხეთმა სარჩელი უკან გაიტანა და პოლონეთისგან 45 მილიონი ევრო მიიღო. ვარშავამ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხმაურის, ჰაერის დაბინძურებისა და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი აწარმოოს.