ლიზ ტრასი: რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთშია. ლიზ ტრასი მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ბრიტანელი დიპლომატი Twitter-ზე წერს.

„ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნულია ლიზ ტრასის Twitter პოსტში. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინება.

მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი. 

„რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებს ლიზ ტრასი.