საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის – სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2022 წლის იანვარში ინფლაციამ 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც 1.2 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 13.9-პროცენტიან ინფლაციაზე.
„აღნიშნული მიმართულებით საქსტატმა მუშაობა 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტის ფარგლებში, ხოლო მისი გამოქვეყნება, სტატისტიკურ სამუშაოთა 2022 წლის პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ყოველთვიურად. HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით. სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.