2 აგვისტოს, თურქეთის ქალაქ კილისიში, აზერბაიჯანული გაზის სირიაში ტრანსპორტირების დაწყება აღინიშნა. Trend-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის, კატარის მთავრობების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, SOCAR-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მიკაილ ჯაბაროვმა განაცხადა, სირიაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი თურქეთის გავლით მოკლე დროში დაიწყო.
გაზის ექსპორტი ხორციელდება თურქეთის გავლით, ხოლო აზერბაიჯანიდან თურქეთში მიწოდება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სამხრეთკავკასიური მილსადენის (South Caucasus Pipeline – SCP) მეშვეობით.
საქართველოს როლი ტრანზიტულია — გაზი ბაქოდან შემოდის საქართველოში, გაივლის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და შემდეგ მიეწოდება თურქეთს. სწორედ თურქეთის სამხრეთით ხდება ბუნებრივი აირის გადაცემა სირიაში, კერძოდ კი, ქალაქ კილისის მონაკვეთის მეშვეობით, საიდანაც ის სირიის ენერგოსექტორს მიეწოდება.