რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის შეხვედრას მოსკოვი მასპინძლობს. ბრიტანელი დიპლომატი რუსეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო პრესის გარეშე მიმდინარეობს. ინფექციამ ასევე საფრთხე შეუქმნა თავად ტრასის ვიზიტს მოსკოვში, რადგან კვირანახევრის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. პრესკონფერენციისთვის თვალყურის მიდევნება ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ლიზ ტრასი აცხადებდა, მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
„ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნავდა ლიზ ტრასი. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინებოდა.
მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი.
„რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებდა ლიზ ტრასი.