NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. სტოლტენბერგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორები არიან, შავი ზღვვის რეგიონში უსაფრთხოებას კი, NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„რუმინეთი მარტო არ არის. გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები აქ არიან ყველა მოკავშირის დასაცავად. დაგეხმაროთ თქვენი ცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ NATO-ს საჰაერო პატრულირების მისია. ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე ერთგულება, დაიცვას ევროპა. აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიისკენ, მოკავშირეები აძლიერებენ NATO-ს ყოფნას ამ კრიტიკულ მომენტში. მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით. მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორც უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ახალი საბრძოლო ჯგუფებით. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს NATO-ს საბრძოლო ჯგუფს აქ, რუმინეთში. NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება.
რუმინეთის და NATO-ს ყველა სხვა მოკავშირის დაცვაზე ჩვენი ვალდებულების და მზადყოფნის შესახებ გაუგებრობის ან არასწორი გათვლების დრო არ არის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, ჩვენი ახლო პარტნიორები კი - უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ NATO-რუსეთის საბჭოში, რათა ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები გადავჭრათ, მათ შორის არის რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. არ არსებობენ NATO-ს პირველი და მეორე კლასის წევრები
NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ, როგორც ერთნი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.