ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ.
სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების, COVID19-თან დაკავშირებული გამოწვევების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიუხედავად, საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ახორციელებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების ფართო სპექტრს.
ჩვენ გვსურს, სრულად გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმების უზარმაზარი პოტენციალი. ამისთვის კი მზად ვართ ევროკავშირთან ეტაპობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის, ახალ დონეზე ასაყვანად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.