რა საკითხები განიხილეს ბოჭორიშვილმა და ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა.

შესაბამის ფოტომასალას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა შეაფასა, როგორც შინაარსიანი და საინტერესო და აღნიშნა, რომ ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, განიხილეს ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და „შუა დერეფნის“ განვითარების ახალი შესაძლებლობები.


„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დავიწყე. გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.


ასევე, განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და „შუა დერეფნის“ განვითარების ახალი შესაძლებლობები.

ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს. მნიშვნელოვანია, ეს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო განვავითაროთ,“ - წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე კმაყოფილებით გაიხსენეს საქართველოში ალიევის სახელმწიფო ვიზიტი და ხაზი გაუსვეს აპრილში განხორციელებული ვიზიტის დროს “მიღწეულ კარგ შედეგებს.“


მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს.

აღინიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სტაბილურობის მნიშვნელობა და ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე ფართო რეგიონში არსებული სტაბილური ვითარების როლს ქვეყნების განვითარებაში.


კმაყოფილებით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდა. მხარეებმა აღნიშნეს ამ სატრანსპორტო დერეფნისა და აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული დაკავშირებადობის პროექტების მნიშვნელობა.


ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით ინკლუზიური მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობას და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით განვითარებული შუა დერეფანი უკვე ფუნქციონირებს, ამასთან, ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა მუდმივად იზრდება.


აღინიშნა ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“, ასევე შავი ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის დაგეგმილი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის მნიშვნელობა.


აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მეთაურების საკონსულტაციო შეხვედრების ფორმატს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით შეუერთდა. ხაზი გაესვა საქართველოს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობასაც.


შეხვედრაზე ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.

ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დღეს გაემგზავრა.