აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, მომავალში, მოცულობების ზრდის კვალდაკვალ და შესაბამისი მოლაპარაკებებისა თუ შეთანხმებების საფუძველზე, შესაძლოა, ბაქო-სუფსის მილსადენის მუშაობა განახლდეს.
როგორც სააგენტო „რეპორტი“ (Report) იუწყება, მან ეს განცხადება ბაქოში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესბრიფინგის დროს გააკეთა.
ბაირამოვის თქმით, პროექტები, რომლებიც აზერბაიჯანის ან კასპიის ზღვაში მისი სექტორის რესურსებს ეფუძნება, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„ისინი ასევე მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების მიწოდებისთვის ბევრად უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს, რომელიც ნედლ ნავთობზე საიმედო წვდომას უზრუნველყოფს,“ — აღნიშნა ბაირამოვმა.
ბაირამოვმა დაამატა, რომ ამ კონტექსტში ასევე ხაზი უნდა გაესვას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მნიშვნელობას.
მისივე განცხადებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა „აღმოსავლეთ-დასავლეთისა“ და „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობის გასაზრდელად. შედეგად, დერეფნის გავლით გადაზიდული ტვირთების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.
დღესვე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ დასრულდა ტექნიკური სამუშაოები იმ საკაბელო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც კასპიის ზღვას შავ ზღვასთან დააკავშირებს, შავი ზღვის ფსკერის გასწვრივ რუმინეთის სანაპირომდე, იქიდან კი — უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებამდე გაგრძელდება. მინისტრის თქმით, პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები უკვე დასრულებულია.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამ და სხვა პროექტებს, რომლებიც აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობითა და ინიციატივით ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს ფართო ევროპული რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
ასევემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში არსებული დაძაბულობა, ახლო აღმოსავლეთში არსებული გაურკვევლობა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი სერიოზულ გამოწვევებს ქმნის, მათ შორის აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის.
„ჩვენი პოზიციაა, რომ კონფლიქტები დიპლომატიური გზით, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს,“ — აღნიშნა ბაირამოვმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მაკა ბოჭორიშვილს მიაწოდა ინფორმაცია ბაქოსა და ერევანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესის შესახებ.
„ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მშენებლობასა და აღდგენით სამუშაოზე, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ნაღმებთან დაკავშირებულ სერიოზულ საფრთხეზე,“ — განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამავე პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო 18 ახალ შეთანხმებაზე მუშაობენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე განიხილებოდა ორმხრივი ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და საერთაშორისო საკითხები.
ბაირამოვმა მედიასთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო სამმხრივი შეხვედრა 2027 წელს გაიმართება.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ სამი ქვეყნისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვისაც.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ TRIPP-ის ინიციატივის მნიშვნელობა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონული სატრანსპორტო კავშირის გაძლიერების თვალსაზრისით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებს და გვჯერა, რომ ყველა პროექტი, რომელიც ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის გაძლიერებას და სატრანსპორტო კავშირის განვითარებას, უდაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის,“ - განაცხადა ბოჭორიშვილმა. მანვე დაამატა, რომ ბაირამოვთან საუბრისას ასევე განიხილებოდა გლობალური მოვლენები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება.
ბოჭორიშვილის განცხადებით, „შუა დერეფნის“ განვითარება სამხრეთ კავკასიისთვის აუცილებლობად იქცა. მინისტრის შეფასებით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტები ევროკავშირისთვის სასარგებლოა.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა და ის პროექტები, რომლებსაც მრავალი წელია, ვახორციელებთ, უკვე უწყობს ხელს ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენმა ქვეყნებმა ეს თანამშრომლობა თავად შექმნეს. დღეს ყურადღება გამახვილებულია ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციასა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე. ეს ყველაფერი ევროპული დღის წესრიგის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებია,“ — აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები ევროპისა და მისი უსაფრთხოების სასარგებლოდ. საკმარისია, რუკას შევხედოთ, რათა დავინახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენ წინაშეა. ამ სფეროში ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება. ევროკავშირთან ურთიერთობაში საქართველოსაც აქვს საკუთარი დღის წესრიგი. როგორც ყველამ ვიცით, საქართველო დაინტერესებულია ევროკავშირში გაწევრიანებით. ამ მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დიალოგი და ევროპულ მხარესთან თანამშრომლობის გაძლიერება,“ — განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ეს პროცესი ორივე მხარის ინტერესების სრული გათვალისწინებითა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე მიმდინარეობს.
მისი თქმით, საზღვრის საკითხებზე მოქმედი შესაბამისი კომისია რეგულარულად მუშაობს და შეხვედრებს მართავს.
„ამ პროცესის ფარგლებში თანამშრომლობა მიმდინარეობს. სულ ახლახან მქონდა კომუნიკაცია საარქივო მასალებთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ორივე მხარე მუშაობს პროცესის წინსვლაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს,“ — განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მუშაობა განსაზღვრული ფორმატის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.