კელი დეგნანმა და დავით ზალკალიანმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის საკითხი განიხილეს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

„საუბარი შეეხო აშშ-რუსეთის დიალოგს უსაფრთხოების თაობაზე და ამ პროცესში ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას რუსეთთან დიალოგის ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც უმნიშვნელოვანესია ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციის მიუხედავად, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.