ვოლოდიმირ ზელენსკი: უამრავი განსხვავებული ინფორმაცია მხოლოდ პანიკას იწვევს. ჩვენს ქვეყანაში პანიკა მტრების საუკეთესო მეგობარია

უკრაინა მზადაა, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ნებისმიერი სცენარისთვის, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეჭრის შესახებ გაფრთხილებამ შეიძლება, გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში, რომელიც მათი „მტრების საუკეთესო მეგობარია".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სამხრეთ ხერსონის რეგიონში წვრთნებს დაესწრო, განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს, მაგრამ საინფორმაციო სივრცეში რუსეთის შეჭრის შესახებ უამრავი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს.

„ჩვენს ქვეყანაში პანიკა მტრების საუკეთესო მეგობარია. მთელი ეს ინფორმაცია მხოლოდ პანიკის პროვოცირებას ახდენს და ვერ დაგვეხმარება. პირველ რიგში, ჩვენ ყველას გვესმის, რომ „სიურპრიზები“ შეიძლება, ნებისმიერ დროს მოხდეს. ჩვენ უნდა ვენდოთ საკუთარ ძალებს. გვესმის, რომ ასეთი რამ შეიძლება, მოხდეს გაფრთხილების გარეშე, ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ ამისთვის. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმელად, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი საზღვრიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენი სპეციალისტები და ჩვენი გუნდები, სამინისტროები, ჩვენი სამხედროები არიან ძალიან სერიოზულ დონეზე და ეს არის ის დონე, რაც მათ აჩვენეს. დღეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 11 თებერვალს ხარკოვში გამართულ შეხვედრაზე განიხილა შიდა და გარე საფრთხეებისგან ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი.

„ჩვენი გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ. ამიტომ, არავისი არ გვეშინია, არ არის საჭირო პანიკა, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 თებერვალს დაიწყო ტაქტიკური და სპეციალური წვრთნები ხერსონის რაიონში, ოკუპირებულ ყირიმთან. ზელენსკი ქვედანაყოფების მოქმედებებს ადგილზე ადევნებდა თვალს.


თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს