უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირველად მიანიშნა ბუდაპეშტის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობაზე. შესაბამისი განცხადება მემარჯვენე პარტიის FIDES - უნგრეთის სამოქალაქო კავშირის თავმჯდომარემ 12 თებერვალს გააკეთა. ორბანმა მიმართა მოსახლეობას, რითაც კაბინეტის ხელმძღვანელად ხელახლა არჩევის კამპანია დაიწყო.
მისი თქმით, ევროკავშირი წმინდა ომს აწარმოებს კანონის უზენაესობის ლოზუნგით. პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელს უნგრეთის მიმართ „ტოლერანტობის“ გამოვლენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საერთო გზის გავლა შეუძლებელი იქნება.
ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთისა და პოლონეთის სარჩელის საფუძველზე, ევროკავშირის კანონის უზენაესობის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.
ევროკავშირის კანონის უზენაესობის მექანიზმი 2021 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, ევროკომისიამ შეიძლება, შეამციროს სახსრების გაცემა ბიუჯეტიდან იმ ქვეყნებზე, სადაც არის ფულის ბოროტად გამოყენების საფრთხე ევროკავშირის კანონის უზენაესობის დარღვევის გამო.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 3 აპრილს გაიმართება.