ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) 14 თებერვალს გაემგზავრება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის და აბუ-დაბის საამიროს მმართველის ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანის მოწვევით ხორციელდება, ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის გავრცელებულ განცხადებაში.

ვიზიტისას თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების ნაბიჯები განიხილება.

მხარეები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე, ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისა და შენარჩუნების საკითხზე.

ორი ლიდერი დაესწრება სხვადასხვა შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიას პირისპირ და დელეგაციების შეხვედრების შემდეგ. შეთანხმებები მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ინვესტიციებს, თავდაცვას, ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვასა და მედიას. თურქეთის ლიდერი 15 თებერვალს ასევე ეწვევა ექსპო 2020-ს დუბაიში, სადაც თურქეთის ეროვნული დღე აღინიშნება.