ბულგარეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, ქვეყნიდან აძევებს. მას ქვეყნის დატოვებისვის 72 საათი მისცეს. -ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რუსი დიპლომატი 2017 წლის შემდეგ აგროვებდა მასალას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. მათ შორის იყო ცნობა აშშ-ის ჯარის რაოდენობის შესახებ ბულგარეთში ერთობლივი წვრთნის დროს. როგორც ჩანს, ამ ინფორმაციას შემდეგ ის რუსეთის სამხედრო დაზვერვას, გე-ერ-უ-ს აწვდიდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია პროკურატურას სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გადასცა. როგორც ცნობილია, რუსმა დიპლომატმა გადაიბირა ბულგარეთის მოქალაქე, რომლის ვინაობას არ ამხელენ.
რუსი დიპლომატის ვინაობას ბულგარეთი არ ამხელს
სოფიაში რუსეთის საელჩო იტყობინება, რომ აძევებენ რუსეთის სამხედრო ატაშეს.
საელჩოს საიტის მიხედვით, ეს თანამდებობა უკავია ვასილი საზანოვიჩს. მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები შეფასებულია, როგორც „უსაფუძველო.“
2019 წლის ოქტომბრის შემდეგ საზანოვიჩი მეექვსე რუსი დიპლომატია, რომელსაც ბულგარეთიდან აძევებენ. ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს 2020 წლის იანვარში, ორი - სექტემბერში, ერთი კი, 2019 წლის ოქტომბერში. რუსეთი მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.
ყველა შემთხვევის საპასუხოდ რუსეთმაც გააძევა ბულგარელი დიპლომატები.