დიდი ბრიტანეთი უკრაინაში თავის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, ცხადად ჩანს, რომ შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა გარდაუვლად მოხდეს და მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს „ახლავე დატოვონ ქვეყანა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არის ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ სერიოზული მზადებაა რუსეთის მხრიდან.
მისი თქმით, ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია. BBC-ის ცნობით, ჯონსონმა გაერთიანებული სამეფოს გარშემო მოგზაურობის გეგმები გააუქმა, მოგვიანებით ლონდონში დაბრუნდება და უახლესი სიტუაციის შესახებ დაზვერვის ხელმძღვანელებისგან ანგარიშს მოისმენს.
პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარს გამართავს. „ყველაფერს გავაკეთებ დიპლომატიური პროცესის დასახმარებლად. ძალიან მალე ვესაუბრები სხვადასხვა ლიდერებს, მათ შორის ჯო ბაიდენს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.