მაიკ პომპეო: თურქეთის მიერ სისტემა С-400-ის შეძენა საფრთხეს უქმნის ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის უსაფრთხოებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა და განიხილა 14 იანვარს, აშშ-ის მიერ NATO-ს მოკავშირე თურქეთისთვის დაწესებული ის სანქციები, რომელიც თურქეთმა რუსული წარმოების სარაკეტო თავდაცვის სისტემის S-400-ის შესყიდვის გამო მიიღო. - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარში სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ნათლად მიანიშნა იმაზე, რომ "თურქეთის მიერ სისტემა С-400-ის შეძენა საფრთხეს უქმნის ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის უსაფრთხოებას, რუსეთს კი თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო მრეწველობაზე გავლენის საშუალებას აძლევს".

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სანქციების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთს შეიარაღების გაყიდვით შემოსავლების მიღებასა და სხვა ქვეყნებზე გავლენის გაფართოებაში.

მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს, თურქეთის ან სხვა რომელიმე მოკავშირის არმიების სამხედრო პოტენციალი და საბრძოლო მზადყოფნა შეარყიოს. მან თურქეთს მოუწოდა S-400-ის საკითხი თანამშრომლობით მოაგვარონ, ისე,როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ და ისევ დაიცვას NATO-ს ვალდებულებები იარაღის შეძენასთან დაკავშირებით.