ჯო ბაიდენი: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჯერ კიდევ შესაძლებელი, მაგრამ აშშ მზად არის, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს ასეთ ნაბიჯზე. 

ბაიდენმა მოუწოდა რუსეთს, დაიხიოს უკან და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრიდან გარკვეული ძალების გაყვანის შესახებ ცნობები, არ არის დადასტურებული შეერთებული შტატების მიერ.

„[რუსული ძალების გასვლა] კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ არ დაგვიდასტურებია. ჩვენ ჯერ არ დაგვიდასტურებია, რომ რუსული სამხედრო ნაწილები დაბრუნდნენ თავიანთ ბაზებზე", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა.

„რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი და არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, გამანადგურებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა სატელევიზიო მიმართვაში.

ჯო ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირეები მზად არიან ყველაფრისთვის, რაც არ უნდა მოხდეს და რომ რუსეთი გადაიხდის მძიმე ეკონომიკურ ფასს, თუ მოსკოვი შეჭრას დაიწყებს.


რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. ამ განცხადებას მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვა ვლადიმერ პუტინისადმი.

ამავე თემაზე

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა.