აშშ-ის სენატის რესპუბლიკელების უმრავლესობამ უკრაინის მხარდასაჭერად საკუთარი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. „რესპუბლიკელების“ წინადადება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო, სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი სანქციების დაწესებას და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითვალისწინებს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.
ხუთი დემოკრატისა და ხუთი რესპუბლიკელი სენატორისგან შემდგარი ჯგუფი კვირების განმავლობაში მონაწილეობდა კანონპროექტზე მოლაპარაკებებში, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწია.
სენატორი რიში აქტიურად იყო ჩართული ორპარტიული გეგმის შესახებ მოლაპარაკებებში. მსგავსი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს.
„მიუხედავად იმისა, რომ „სამხედრო“ შეჭრა ჯერ არ მომხდარა, არსებობს სხვა გზები, რომლითაც რუსეთს შეუძლია, თავს დაესხას უკრაინას, რაც დამღუპველი იქნება უკრაინელებისთვის და ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა რიშმა.
პაკეტი ასევე უზრუნველყოფს 500 მილიონი აშშ დოლარის საგარეო სამხედრო დაფინანსებას (FMF) უკრაინისთვის, მათ შორის არის 250 მილიონი აშშ დოლარი გადაუდებელი დაფინანსებისთვის, 100 მილიონი აშშ დოლარი გადაუდებელი დახმარებისთვის კრიტიკული შესაძლებლობებისთვის, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ჯავშანტექნიკა და გემსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. წინადადებათა პაკეტი ასევე მოიცავს ევროპელი მოკავშირეეების თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.