რუსთავისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 131 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 048 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 206 მსურველის განაცხადი. მათგან 54-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რაც საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია.
„მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრებიდან: 13 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი; 12 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 108 წევრი; 11 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის ორი წევრი; 10 ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 69 წევრი; ცხრა ხმით არჩეულია საუბნო საარჩევნო კომისიის 867 წევრი.
საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები და არჩევის პროცესი საჯაროობის პრინციპის დაცვით ჩატარდა და ღია იყო ყველა უფლებამოსილი პირისთვის. №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელი.