რუსთავში „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს

რუსთავში შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მედიას განუცხადა, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება „მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალური გაკეთდება.

„ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ბატონ ბადრისთან და შევთანხმდით, რომ დღეს გვექნებოდა კონსულტაციები. რაც შეეხება მის კანდიდატურას რუსთავში, ბადრი ჯაფარიძეს სრულიად უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი. არ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ, ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები მისი ხასიათიდან გამომდინარე არის ძალიან პრინციპული.

რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. ასევე ვიაზრებთ იმასაც, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება. ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.