ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა ბადრი ჯაფარიძეს მხარი დაუჭირეს.
„ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად იქნება წარდგენილი შუალედურ არჩევნებში. იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, ძალა ხალხის ხელშია. იმისთვის, რომ დავამტკიცოთ მანდატზე კი არ არის საუბარი, ცვლილება შეგვიძლია! მე მინდა, მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა! მინდა მივმართო ყველა ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მათ, ვინც მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძეს, სამართლიანობის მხარეს დადგა. ეს იქნება პრინციპული ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!“, - აღნიშნა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.