ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რომელმაც აშშ-სა და NATO-სთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის მიმართ მხარდაჭერა 4 თებერვალს გამოხატა, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის გზები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ძინპინმა განაცხადა, რომ მხარეებმა უკრაინის საკითხის პოლიტიკური მოგვარების პრინციპები უნდა დაიცვან.
ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა სრულად უნდა გამოიყენონ მრავალმხრივი პლატფორმები, მათ შორის ნორმანდიული ფორმატი და შეეცადონ უკრაინის საკითხის ყოვლისმომცველ გადაწყვეტას დიალოგისა და კონსულტაციების გზით.
ჩინეთის პოზიციით, უკრაინის საკითხთან მიმართებით დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რომ კრემლმა ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის საერთო შეხედულება 4 თებერვალს განცხადებაში ასახა. „მხარეები ეწინააღმდეგებიან NATO-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის დროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული ფუძის მრავალფეროვნებას. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან ბიოიარაღებთან დაკავშირებული შიდა და საგარეო აქტივობები სერიოზულ შეშფოთებას და კითხვის ნიშნებს იწვევს. მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და საზიანოა რეგიონების უსაფრთხოებისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეულ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს შედეგები არამხოლოდ უკრაინაზე, ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე, არამედ ჩინეთზეც ექნება.
უწყების პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, თუ რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს გარკვეული შედეგების გამოსწორებას, ზოგიერთი შედეგის შემსუბუქებას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ეს ასე არ არის. აშშ თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში რეალურად, რუსეთის ეკონომიკა მრავალი თვალსაზრისით უფრო მყიფე გახდება.
ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის პოზიციას უფრო მყიფეს როგორ გახდის, ნედ პრაისმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა იქნება დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე, ან ბევრად უფრო დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე.
„ეს არის კატასტროფის რეცეპტი რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ პუტინი თვლის, რომ ზომები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არ იქნება დამაზიანებელი და არ ექნება ის შედეგები, რაზეც ჩვენ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.