საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმაურება.
„ამერიკის ხმის" შეკითხვაზე პასუხად სენატორი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.
„ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს", - ამბობს სენატორი, "ამერიკის ხმასთან" წერილობით კომენტარში.
სენატორმა 31 ოქტომბრის არჩევნებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების შესახებ განცხადება არ გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიცირების სახით შევიდა საკანონმდებლო პროექტების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას და შეწყვეტას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო მიზეზით არ დაესწრებიან საპარლამენტო სხდომებს. მეორე კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ბოიკოტს აგრძელებენ.