ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

„ეს საბჭო დღეს შეიკრიბა, რათა განიხილოს მინსკის შეთანხმებების შესრულების საკითხი - მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების მუდმივად დარღვევისა. ეს შეთანხმებები, რომლებზეც მოლაპარაკებები 2014 და 2015 წლებში გაიმართა და მას რუსეთმაც მოაწერა ხელი,  აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად, სამშვიდობო პროცესის საფუძვლად რჩება. ამ საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა - მისი შექმნის მიზეზი - მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაა, დღეს ვხედავთ, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაა“, - ამ სიტყვებით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ბლინკენმა ისაუბრა არსებულ რისკებზე, რუსეთის მიერ დაგეგმილ სავარაუდო, პროვოკაციულ სცენარებზე, აშშ-ის მხრიდან დიპლომატიის ძალისხმევაზე და კიდევ ერთხეულ მოუწოდა კრემლს, აირჩიოს დიპლომატიის გზა. მისი თქმით, არსებული რისკები უკრაინის ფარგლებს სცილდება. ახლა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება საფრთხეშია და ეს არის საფრთხე გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას მთელ მსოფლიოში.

ბლინკენის აზრით, ეს კრიზისი პირდაპირ აისახება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრსა და ყველა ქვეყანაზე მსოფლიოში, რადგან ძირითადი პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება მშვიდობა და უსაფრთხოება - პრინციპები, რომლებიც დამკვიდრდა ორი მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ, საფრთხეშია.

სახელმწიფო მდივანმა ეს პრინციპები კიდევ ერთხელ ჩამოთვალა: ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს არჩევანი ან საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ან ვისთან სურს ასოცირება; ასევე - ეროვნული სუვერენიტეტის პრინციპი“, - აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის განცხადებით, ეს არის ზუსტად ისეთი კრიზისი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა გაერო და კონკრეტულად, უშიშროების საბჭო. 

„ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს უკრაინის მიმართ. ბოლო თვეების განმავლობაში,  რუსეთმა დააგროვა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან, რუსეთში, ბელორუსში, ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთი ამბობს, რომ ჯარის ნაწილი გაჰყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ეს ასე ხდება ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები - მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები - ემზადებიან უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს, რუსეთი დგამს ნაბიჯებს ომისკენ მიმავალ გზაზე და სამხედრო მოქმედების საფრთხეს კვლავ წარმოშობს“.


ბლინკენმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პროვოკაციებს შეიძლება, მიმართოს რუსეთმა უკრაინაზე შეტევის დაწყების მიზნით.

მისი შეფასებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბის შექმნას გეგმავს და ეს შეიძლება იყოს ძალადობრივი მოვლენა, რომელსაც რუსეთი უკრაინას, მის მთავრობას დააბრალებს.

„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს ეს. შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი, ეგრეთ წოდებული „ტერორისტული“ დაბომბვა რუსეთის შიგნით, დრონების თავდასხმის ინსცენირება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ან თუნდაც, ნამდვილი შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით. რუსეთმა შეიძლება, ამ მოვლენას უწოდოს ეთნიკური წმენდა ან გენოციდი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსულმა მედიამ უკვე დაიწყო ცრუ განგაშის გავრცელება, რათა მაქსიმალურად გაზარდოს საზოგადოების აღშფოთება, საფუძველი ჩაუყაროს ომის დაწყების გამართლებას. დღეს ეს ნარატივი მხოლოდ გაძლიერდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში. ჩვენ აქ მოვისმინეთ ზოგიერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მომხსენებლებისგან.

ამ გამოგონილი პროვოკაციის საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ უმაღლესე დონეზე, შეიძლება, მოიწვიოს საგანგებო შეხვედრები ე.წ. კრიზისის გადასაჭრელად. მთავრობა გამოაქვეყნებს პროკლამაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უნდა გამოიყენოს საპასუხო ზომები უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების ან ეთნიკური რუსების დასაცავად. შემდეგ, თავდასხმის დაწყება იგეგმება. რუსული რაკეტები და ბომბები უკრაინაში დაეცემა. კომუნიკაციები ჩაიკეტება. კიბერშეტევები განხორციელდება უკრაინის ძირითად ინსტიტუტებზე“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისივე რუსეთს თავდასხმისთვის კონკრეტული სამიზნე ჯგუფები ჰყავს იდენტიფიცირებული.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მიზანშია უკრაინის დედაქალაქი - კიევი, ქალაქს, სადაც 2.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს უკრაინელების კონკრეტული ჯგუფები ჰყავთ სამიზნეებად ქცეული. ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინის მთავრობას ყოველივე ამის შესახებ. ახლა ამას ძალიან დეტალურად ვხსნით, იმ იმედით, რომ მსოფლიოსთვის ამ ინფორმაციის გაზიარებით შეგვიძლია, გავლენა მოვახდინოთ რუსეთზე, რათა უარი თქვას ომის გზაზე, აირჩიოს სხვა გზა, სანამ ჯერ კიდევ დროა“, - აღნიშნა ბლინკენმა.


მან კიდევ ერთხეულ მოუწოდა რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა.

„მე დღეს აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ ომის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაციას, რომელიც წარმოვადგინე, ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვხედავდით ჩვენს თვალწინ თვეების განმავლობაში. მაშინ, როცა რუსეთი არაფრად აგდებდა ჩვენს გაფრთხილებებსა და გზავნილებს, სტაბილურად აგროვებდნენ 150 000-ზე მეტ ჯარისკაცს და მასიური სამხედრო იერიშის ჩატარების შესაძლებლობებს უკრაინის საზღვრებზე. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ: მოკავშირეები და პარტნიორები ერთსა და იმავეს ხედავენ. რუსეთს მხოლოდ ჩვენგან არ ესმის ეს.

როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს იქნება არჩევანის ომი და თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენი პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს მკაცრად გაიმეორა ამ კვირის დასაწყისში. არსებობს კიდევ ერთი არჩევანი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, გააკეთოს, თუ მისი მხრიდან სიმართლეა იმის მტკიცება, რომ დიპლომატიის ერთგულია. დიპლომატია არის ერთადერთი გზა ამ კრიზისის მოსაგვარებლად. ამის არსებითი ნაწილია მინსკის შეთანხმებების განხორციელება, რაც ჩვენი დღევანდელი სესიის საგანია. არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც რუსეთმა და უკრაინამ აიღეს მინსკის შეთანხმების მიხედვით, ეუთოსა და ნორმანდიული ფორმატის პარტნიორებთან ერთად. 

თუ რუსეთი მზად არის, უკრაინის მთავრობასთან იმუშაოს ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში, ჩვენი მეგობრები საფრანგეთსა და გერმანიაში მზად არიან, მოიწვიონ უმაღლესი დონის დისკუსიები ნორმანდიის ფორმატში ამ საკითხების გადასაჭრელად. უკრაინა ამისთვის მზად არის. ჩვენ სრულად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მხარეებს. მინსკის შეთანხმებების მეშვეობით, დონბასის კრიზისის მოგვარებისკენ პროგრესმა შეიძლება, გააძლიეროს უსაფრთხოების საკითხებზე უფრო ფართო დისკუსიები, რომლებშიც მზად ვართ, ჩავერთოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით.

სამ კვირაზე მეტი ხნის წინ, ჩვენ მივაწოდეთ რუსეთს დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული, ორმხრივი ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ უახლოეს პერსპექტივაში ჩვენი შეშფოთების გადასაჭრელად და რუსეთის, შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების ინტერესების წინსვლისთვის. დღეს დილით მივიღეთ პასუხი.


დღეს, მე გავუგზავნე წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, სადაც შევთავაზე, რომ მომავალ კვირას შევხვდეთ ევროპაში, ბოლო კვირების მოლაპარაკებების შემდეგ, რათა განვიხილოთ ის ნაბიჯები, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ ამ კრიზისის კონფლიქტის გარეშე გადასაჭრელად. ასევე ვთავაზობთ NATO-რუსეთის საბჭოს და ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს ფორმატში შეხვედრებს. ამ შეხვედრებმა შეიძლება, მთავარი ლიდერების სამიტს გაუხსნას გზა, რათა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ საკითხებზე.  როგორც ჩვენი ქვეყნების წამყვან დიპლომატებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ დიპლომატიის წარმატებისთვის. თუ რუსეთი ერთგულია დიპლომატიის მიმართ, ჩვენ ამ ვალდებულების დემონსტრირებისთვის ყველა შესაძლებლობას ვაძლევთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემს დღევანდელ გამოსვლაზე რუსეთის მთავრობის მხრიდან პასუხი იქნება, რომ შეერთებული შტატები ისტერიაშია და რომ რუსეთს „არ აქვს გეგმები“ უკრაინაში შეჭრის. ნება მომეცით, საქმე გაგიმარტივოთ. რუსეთის მთავრობას შეუძლია, დღეს გამოაცხადოს - ყოველგვარი გაურკვევლობისა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე - რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში.

მკაფიოდ განუცხადეთ მსოფლიოს და შემდეგ აჩვენეთ ეს თქვენი ჯარების, თქვენი ტანკების, თქვენი თვითმფრინავების გაგზავნით მათ ყაზარმებსა და ანგარში და თქვენი დიპლომატების გაგზავნით მოლაპარაკებების მაგიდასთან. უახლოეს დღეებში მსოფლიოს ემახსოვრება ამ ვალდებულებების შესრულება ან მის შესრულებაზე უარის თქმა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.