ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნოით, შეხვედრაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
თავდაცვის მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მიესალმა NATO-ს მტკიცე პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს. მინისტრმა მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO--საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალების თავსებადობის დონე და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი.