ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები

„მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას“, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოითხოვა. ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან.

„ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე დაამატა, რომ უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან.

„ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და NATO-ს, გულწრფელი პასუხი გასცეს უკრაინის პოტენციურ წევრობას. „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“, - განაცხადა ზელენსკიმ NATO-ს „ღია კარის პოლიტიკის“ შესახებ.

„უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში მიმდინარე ესკალაციაზე, რომელიც 17 თებერვალს დაიწყო.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები უკრაინულ სოფლებსა და უკრაინული ძალების პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზთან ბომბავდნენ. 19 თებერვალს, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

კრემლის მხარდაჭერილმა პირებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე გასცეს ევაკუაციის ბრძანება. რუსული სახელმწიფო მედია მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებდა, რომ უკრაინული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს ბომბავდნენ და არა პირიქით. მათი ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში გაზსადენი დაიწვა და მასში უკრაინას ადანაშაულებენ.

რუსული სახელმწიფო მედია ასევე ამტკიცებდა, რომ ორი ახლად აფეთქებული ჭურვი აღმოაჩინეს რუსეთის როსტოვის რეგიონში, უკრაინის საზღვართან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა განიცადა დაბომბვა უკრაინიდან. და ბოლოს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხიდის ქვეშ ლუგანსკის ოლქში და ადანაშაულებენ უკრაინის ხელისუფლებას ხიდის აფეთქების დაგეგმვაში.

„ყველა ასეთი ბრალდება არის „ტყუილი და პროვოკაცია", - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში.