ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მიუნხენიდან, სადაც მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე იკრიბებიან.

ბორის ჯონსონის თქმით, ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას და უკრაინის დედაქალაქ კიევს ალყაში მოაქცევს.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსულ კომპანიებს „ფუნტით და დოლარებით ვაჭრობას“ შეუჩერებენ. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს თავისი გავლენით.

ინფორმაციისთვის, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის, გაზის და ლითონის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. მათზე ვაჭრობა უმეტესად ამერიკულ დოლარში მიმდინარეობს.


აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.

15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.


ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა

ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა