ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ბაიდენის თქმით, პუტინი აგრძელებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რათა შექმნას საბაბი სამხედრო დარტყმისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე დღეში განხორციელდეს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთის სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება.

„ამ მომენტისთვის დარწმუნებული ვარ, რომ მან მიიღო (შეჭრის) გადაწყვეტილება“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში. „ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ ეს დავიჯეროთ“,  დაამატა პრეზიდენტმა დაზვერვის შეფასებებზე დაყრდნობით.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენცია გამართა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.


აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით.

17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.

15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.


ამავე თემაზე:

ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ რუკას აქვეყნებს