საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სანქციები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს დაეკისრა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ბაზირებული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
„დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, მე არ განვსხვავდები იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს, განსაკუთრებით, ევროპის მასშტაბით, ასევე, ამერიკელი პარტნიორების სანქციების კუთხითაც. როდესაც დემოკრატიული ქვეყანაა და არ პასუხობ აგრესიას, ალბათ, ეს შეიძლება ვიღაცამ, აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია.
როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა, მოქალაქეების სიცოცხლე. სწორედ ეს იქცევა სისუსტის საგნად. მიმაჩნია, რომ სანქციები, რომელიც დაწესდა, უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, მაგრამ ეს არის სიგნალი, რაც მომავალში მოხდება. ეს სანქციები ბუნებრივია, ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, რაც აქამდე გვინახავს. თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან - 2008 წლის საქართველოში შემოსვლის და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, ის გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც იმ ეტაპზე გააჩნდათ. ამის ფასი რუსეთს სრულად არ ჰქონდა გადახდილი, ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ ვდგავართ დღეს ასეთი გამოწვევის წინაშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს? პრეზიდენტმა უპასუხა:
- მე არ ვიცი, რა იქნება სანქციების ხასიათი და რას გადაწყვეტს მთავრობა, მაგრამ ჩვენ სოლიდარობა უნდა გავიზიაროთ. სოლიდარულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც თავის წილს უკვე დებს ამაში, რადგან ორი რეგიონია ოკუპირებული. ჩვენი რეაგირება ამ სიტუაციაზე ხდება, ჩვენი მოქალაქეების თავს გადადის ეს ყველაფერი საზღვრისპირა რეგიონებში. ჩვენ ეს უნდა დავაბალანსოთ. ჩვენ უნდა ვიკისროთ სრულად პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეს საკითხები პარტნიორებთან არის გასავლელი.