სომხეთი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Armenpress-ს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა განუცხადა.
„ჩვენი სურვილია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები დიპლომატიური დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებზე დაფუძნებული მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება ჩვენს დღის წესრიგში არ დგას“, - აცხადებს სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.