საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილეს

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილს უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება და მიმდინარე პროცესების გავლენა როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ უსაფრთხოებაზე.

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ  არსებულ ვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორების მხრიდან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოსთან მუდმივი კორდინაციის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.


22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 

21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.

22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.